დებულება

სამართლის სამეცნიერო ჟურნალი ,,სამართალი და მსოფლიო’’

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალი ,,სამართალი და მსოფლიო’’,, (შემდგომში - ჟურნალი), წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“-ს (შემდგომში - ინსტიტუტი) სტრუქტურულ ერთეულს, სადაც ქვეყნდება სამართლის თემატიკის სამეცნიერო სტატიები აქტუალურ საკითხებზე.
  2. ჟურნალი თავის საქმიანობას წარმართავს წინამდებარე დებულების  მიხედვით.
  3. ჟურნალის საერთო პოლიტიკას და ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს ინსტიტუტი.
  4. ჟურნალი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
  5. ჟურნალი თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან, ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან, იურისტებთან.
  6. ჟურნალში გამოქვეყნებულ მასალებზე დაცული იქნება ყველა მატერიალური, თუ არამატერიალური საავტორო უფლება.
  7. ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო გრიფი (ISSN 2346-7916) და სერიულ გამოცემათა საერთაშორისო სტანდარტული ნომერი.
  8. ჟურნალის ვებ-გვერდზე ქვეყნდება ჟურნალის ელექტრონული ვერსია.
  9. ჟურნალი ეწევა ასევე სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით.

მუხლი 2. ჟურნალის მიზნები, ამოცანები და პოლიტიკა

  1. ჟურნალის მიზანია სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, მეცნიერთა და პრაქტიკოს იურისტთა განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევებისა და მიღწევების წარმოჩენა და ჟურნალში გამოქვეყნების გზით მათი ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა.
  2. ჟურნალის ამოცანაა საერთაშორისო დონეზე მაღალი სამეცნიერო სტატუსისა და ავტორიტეტის მოპოვება და იმ ნიშის დაკავება, რაც საერთაშორისო აღიარების მქონე სამეცნიერო ტრადიციების ჟურნალებს უკავიათ.
  3. ჟურნალი იცავს  სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების ეთიკას. 

მუხლი  3. სარედაქციო კოლეგია

  1. ჟურნალს ჰყავს სამართლის დარგში მოღვაწე აკადემიური პერსონალისა და პრაქტიკოსი იურისტებისაგან შემდგარი სარედაქციო კოლეგია, რომლებიც ფლობენ მაღალ პრაქტიკულ და თეორიულ კვალიფიკაციას და არიან აღარებული კომპეტენტურობის მქონე სამართლმცოდნეები.
  2. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას ამტკიცებს ინსტიტუტის დირექტორი მთავარ რედაქტორთან შეთანხმებით.
  3. ჟურნალის ტექნიკურ პერსონალს ნიშნავს ინსტიტუტის დირექტორი.
  4. გამოქვეყნებული სტატიის სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. მისი პოზიცია შეიძლება არ ემთხვეოდეს სარედაქციო კოლეგიის შეხედულებებს.
  5. ჟურნალის რედაქცია პასუხს არ აგებს სტატიის გამოქვეყნების შედეგად გამოწვეულ შესაძლო ზარალზე. იმ შემთხვევაში, თუ სტატიის გამოქვეყნების შედეგად მოხდა საავტორო ან სხვა უფლებების დარღვევა, რედაქცია უფლებამოსილია გამოქვეყნებული სტატია ამოიღოს მონაცემთა ბაზიდან.
  6. რედკოლეგია უფლებამოსილია განიხილოს სამეცნიერო ნაშრომი და მიიღოს გადაწყვეტილება მისი გამოქვეყნების ან არგამოქვეყნების შესახებ.
  7. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია პასუხს არ აგებს გამოქვეყნებული სტატიების სამეცნიერო შინაარსის ხარისხზე.
  8. სარედაქციო კოლეგიის მიერ უარყოფითი შეფასების შემთხვევაში სტატია არ გამოქვეყნდება.

მუხლი 4. მთავარი რედაქტორი

  1. ჟურნალის საქმიანობას ხელმძღვანელობს ჟურნალის მთავარი რედაქტორი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ინსტიტუტის დირექტორი.
  2. მთავარი რედაქტორი ანაწილებს მოვალეობებს გამომცემლობის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს.
  3. მთავარი რედაქტორი ჟურნალს დამოუკიდებლად წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობაში. 
  4. ჟურნალის მთავარი რედაქტორი ანგარიშვალდებულია ინსტიტუტის დირექტორთან.

მუხლი 5. სტატიის გამოქვეყნების პირობები

  1. ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მიიღება სტატიები, რომლებიც შეიცავენ მეცნიერული სიახლის ელემენტებს და ეხებიან შემდეგ თემატიკას:
    • ზოგადი სამართლებრივი პრობლემები;
    • ადამიანის უფლებები;
    • დემოკრატია;
    • სახელმწიფო მართვის საკითხები;
    • მსოფლიოში მიმდინარე საომარი კონფლიქტების სამართლებრივი ანალიზი.
  2. რეცენზენტს ირჩევს თავისი შეხედულებით ჟურნალის მთავარი რედაქტორი.
  3. ნებისმიერ მკითხველს ან ავტორს ექნება შესაძლებლობა განმარტების მისაღებად მიმართოს ინსტიტუტის დირექტორს.
  4. სტატიები ქვეყნდება უსასყიდლოდ.
  5. ავტორების CV დაიდება ჟურნალის არქივში.

მუხლი 6. სტატიის წარმოდგენის წესები და ვადები

  1. წელიწადში გამოიცემა ჟურნალის ორი ნომერი მაისის თვეში და  დეკემბრის თვეში. შესაძლებელია ასევე დამატებითი ან  სპეციალური ნომრის გამოცემა წლის ნებისმიერ დროს.
  2. მაისის ნომრისათვის სტატიის წარმოდგენა შესაძლებელია 3 იანვრიდან 20 მარტის ჩათვლით, ხოლო დეკემბრის ნომრისათვის 1 სექტემბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით.
  3. სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ჟურნალის მთავარი რედაქტორის სახელზე გამოქვეყნების თხოვნით. 
  4. ავტორმა (ავტორებმა) სტატიასთან ერთად უნდა გამოგზავნოს ან წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი, CV (ქართულ ენაზე, არსებობისას ინგლისურ ენაზე), ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი. ჟურნალის გამოქვეყნებამდე ავტორი ვალდებულია ჟურნალს აცნობოს მისამართის და საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი შეტყობინება გაიგზავნება თავდაპირველ ელექტრონულ მისამართზე ან ტელეფონზე და ჩაითვლება ჩაბარებულად.
  5. სტატიები შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური სახით.
  6. ჟურნალი ახდენს ნაშრომის გრამატიკულ კორექტირებას. რედაქტირებული სახით გამოქვეყნებაზე ავტორმა უნდა განაცხადოს წერილობითი თანხმობა რედაქტირებული ნაშრომის მისთვის გაგზავნიდან სამი კალენდარული დღის ვადაში (შესაძლებელია თანხმობა ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც). თუ დადგენილ ვადაში თანხმობა არ იქნება ავტორისგან მიღებული, რედაქცია უფლებას იტოვებს შეაჩეროს სტატია ან დაბეჭდოს ავტორის თანხმობის გარეშე.
  7. დაწუნებული სტატია ავტორს არ დაუბრუნდება.
  8. სტატიის მოწოდება ხდება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნით:  info@lawandworld.ge მითითებით ,,სამეცნიერო სტატია’’.
  9. ჟურნალის პასუხისმგებელი თანამშრომელი თავად დაუკავშირდება სტატიის ავტორს (რამდენიმე ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიის შეთხვევაში კი ერთ -ერთ ავტორს).
  10. სტატია წარმოდგენილ უნდა იქნას „სამეცნიერო სტატიის გაფორმების სავალდებულო ფორმატი“-ს შესაბამისად, რომელიც განთავსებულია ჟურნალის ვებგვერდზე.

მუხლი 7. საერთაშორისო თანამშრომლობა

  1. ჟურნალი თანამშრომლობს და აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერთა ფართო წრეებთან.
  2. ჟურნალში დაიბეჭდება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერების სტატიები ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, და ფრანგულ ენებზე (ინგლისური რეზიუმეს და ინგლისურ ენაზე ნათარგმნი გამოყენებული ლიტერატურისა და შენიშვნების თანხლებით).

მუხლი 8. დასკვნითი დებულებები

  1. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს, ინსტიტუტის დირექტორის გადაწყვეტილებით, მთავარი რედაქტორის წარდგენის საფუძველზე.
  2. ჟურნალის ფინანსურ უზრუნველყოფას ახდენს ინსტიტუტი, ინსტიტუტის დამფუძნებლის და სხვა პირთა შემოწირულობების, გრანტების, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობითა და სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისაგან.
  3. ჟურნალის გამომცემლობის ლიკვიდაცია ხდება ინსტიტუტის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით.

კონფერენციები

პარტნიორები