დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (შემდგომში - ინსტიტუტი) წარმოადგენს ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაზაზე ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას სამართლის სფეროში.
  2. ინსტიტუტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
  3. ინსტიტუტი თავის საქმიანობას წარმართავს საერთაშორისო სამართლის ნორმების, საქართველოს კანონმდებლობის, ინსტიტუტის წესდებისა და ამ დებულების შესაბამისად. დებულებას ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.

მუხლი 2. ინსტიტუტის მიზნები

ინსტიტუტის მიზნებია:

  • თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, სამართლის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება;
  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის აუცილებელი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავება და რეალიზება;
  • შესაბამის ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან პარტნიორული თანაშრომლობის ჩამოყალიბება სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო სფეროებში;
  • სამართლის დარგის განვითარების ხელშეწყობა;

მუხლი 3. ინსტიტუტის საქმიანობის ფორმები

წინამდებარე დებულებით მოცემული მიზნების მისაღწევად ინსტიტუტი:

  • ატარებს სემინარებს, დისკუსიებს, კონფერენციებს, სასწავლო კურსებს, პრეზენტაციებს, კონკურსებს და სხვადასხვა სახის აქტივობებს;
  • თანამშრომლობს სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან;
  • მონაწილეობას იღებს პროექტებსა და კონკურსებში, გამოდის პროექტებისა და კონკურსების ინიციატორად;
  • ახორციელებს იურიდიულ საკონსულტაციო მომსახურებას;
  • გამოდის სასამართლოში ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დასაცავად;
  • ახდენს ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენების ჩართულობას სასამართლო პროცესებში;
  • თანამშრომლობს უცხოეთის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;
  • ახორციელებს უცხოეთიდან პროფესორ-მასწავლებელთა ჩამოყვანას და ორგანიზებას უწევს ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში მათ მიერ ლექციების წაკითხვას;
  • გამოსცემს სამართლის დარგში სამეცნიერო ჟურნალს, როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით;
  • ახდენს უცხოური სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე თარგმნას და გამოცემას;
  • ეწევა სხვა სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

მუხლი 4. ინსტიტუტის სტრუქტურა

  1. ინსტიტუტი შედგება ინსტიტუტის ხელმძღვანელის (დირექტორის), მეცნიერ-თანამშრომლებისა და დამხმარე პერსონალისაგან;
  2. ინსტიტუტის დირექტორი:
    • ხელმძღვანელობს ინსტიტუტს და წარმოადგენს მას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ურთიერთობებში;
    • უძღვება ინტიტუტის საქმიანობას, ხელს აწერს ყველა ოფიციალურ დოკუმენტს, განსაზღვრავს ორგანიზაციის საქმიანობის  ფორმებს;
    • ადგენს ინსტიტუტის თანამშრომელთა საშტატო ნუსხას, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს ინსტიტუტის სტრუქტურასა და ბიუჯეტს;
    • ნიშნავს სამეცნიერო და დამხმარე პერსონალს. 
  3. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი შედგება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სხვა მეცნიერებისაგან, რომელთაც უნივერსიტეტში არ უჭირავთ აკადემიური თანამდებობა.
  4. ინსტიტუტის დამხმარე პერსონალი უზრუნველყოფს ინსტიტუტის ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას.

მუხლი 5. თანამდებობის დაკავების წესი

  1. ინსტიტუტის დირექტორს 3 წლის ვადით ნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი;
  2. ინსტიტუტის სამეცნიერო და ტექნიკურ პერსონალს ნიშნავს ინსტიტუტის დირექტორი;
  3. ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ისევე როგორც ინსტიტუტის სხვა პერსონალს შესაძლებელია მიეცეს ანაზღაურება. ანაზღაურების ოდენობა და პირობები განისაზღვრება  ხელშეკრულებით.

მუხლი 6. სხვა დებულებები

  1. ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერ დროს  უნივერსიტეტის რექტორის გადაწყვეტილებით.
  2. ინსტიტუტის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) შემდეგ მისი ქონება რჩება უნივერსიტეტს, თუ ინსტიტუტსა და მის დამფინანსებლებს შორის შეთანხმებით ან შესაბამისი პროექტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

კონფერენციები

პარტნიორები